შიგთავსზე გადასვლა

ანტონ სიჭინავა (1899-1963)

თებერვალი 6, 2012

                                                           

ანტონ ილარიონის ძე სიჭინავა, გამოჩენილი სწავლული- პედიატრი, ბრწყინვალე კლინიცისტი და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1899 წლის 14 ნოემბერს პატარა ქალაქ ახალსენაკში, რომელიც, იმ დროს, ქუთაისის გუბერნიას მიეკუთვნებოდა და სამეგრელოს კულტურულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.
მის მამას, ილარიონ გრიგოლის ძე სიჭინავას, მდიდარსა და წარმატებულ პირველი გილდიის ვაჭარს. ახალსენაკში, სოხუმსა და ფოთში დუქნები და მაღაზიები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით უხდებოდა თანამშრომლობა რუსეთისა და საზღვარგარეთის ზოგიერთი დიდი სავაჭრო ქალაქების საქმიან წრეებთან და მოხელეებთან.
ანტონის დედა – ქეთევან ერისტოს ასული გოჩელეიშვილი, ასევე შეძლებული ოჯახიდან იყო. სამეგრელოს იმ დროის წარჩინებულ საზოგადოებაში თავისი მაღალგონიერებისა და დარბაისლობის გამო, გარკვეული პატივისცემით სარგებლობდა. ამას ხელს უწყობდა მისი წარმოსადეგი გარეგნობა და მუსიკალურობა.
ანტონის მშობლებს, ისევე როგორც იმ დროის საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს, მიაჩნდათ, რომ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ახალგაზრდების ფუნდამენტური განათლება. ამიტომაც მათ მთავარ საზრუნავს შვილების კარგი აღზრდა და მათთვის საფუძვლინი სწავლა-განათლების მიცემა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით ილარიონმა ახალსენაკში, თავისი საცხოვრებელი სახლის პირდაპირ, დაწყებითი ოთხკლასიანი სემინარიისთვის შენობა ააგო. პედაგოგებად მოიწვია საუკეთესო მასწავლებლები არა მარტო თბილისიდან, არამედ პეტერბურგიდან (მათემატიკის მასწავლებელი – ა. რაჩინსკი) და გერმანიიდანაც კი (ჰერ ჰანს შტოლცი).
პედაგოგების საცხოვრებლად თავისივე ეზოში ააშენა მეორე სახლი, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ სენაკის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები და ჩამოსული სტუმრები. ანტონმა სწორედ აქ ნახა პირველად ფორტეპიანო, რომელზედაც მისი რუსულის მასწავლებელი -P ქალბატონი თამარ მიქელაძე (დირიჟორ ევგენი მიქელაძის და) ვირტუოზულად ასრულებდა ბეთჰოვენის სონატებსა და შოპენის ვალსებს. ანტონმა აქ ისწავლა ქართული, რუსული და ნეაპოლიტანური რომანსები, რომლებსაც გულშიჩამწვდომად მღეროდა თავისი ლამაზი დისკანტით. გამორჩეულმა მუსიკალურობამ და უზადო ვოკალურმა მონაცემებმა განაპირობა მისი შერჩევა საეკლესიო გუნდის სოლისტად. პატარა ანტონმა თავისი სიმღერით მიიქცია ახალსენაკში ვიზიტად მყოფი მისი უდიდებულესობის, მიხეილ რომანოვის ყურადღება, მაღალი სტუმრის ქება დაიმსახურა და მისგან საჩუქრად მედალიონიც მიიღო.
სენაკის ოთხკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ანტონი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში შეიყვანეს, ხოლო 1914 წლიდან მან სწავლა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1916 წლიდან – ვაჟთა I გიმნაზიაში გააგრძელა, რომლის დამთავრებისთანავე, 1918 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად გახსნილ სამედიცინო ფაკულტეტზე. 1924 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და დაიწყო მუშაობა ექიმ-ინტერნად ქალაქის I საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში. 1925 წელს, ქართული მეცნიერული პედიატრიის ფუძემდებლის – პროფესორ სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძის წარდგენით, ანტონ სიჭინავა არჩეულ იქნა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კლინიკის ორდინატორად. სომატიურ განყოფილებაში ხანმოკლე დროით მუშაობის შემდეგ, გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში. აქ მას მუშაობა უწევდა ცნობილი ქართველი დასტაქარის, მიხეილ დიმიტრის ძე კილოსანიძის ხელმძღვანელობით. სწორედ კილოსანიძესთან თანამშრომლობის პერიოდში დაეუფლა ოპერატორის ხელოვნებას. ძირითადად, მუშაობდა აპენექტომიაზე და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სულ რამოდენიმე თვეში, დაუგროვდა სოლიდური მასალა. ამ მასალის საფუძველზე 1927 წელს ჟურნალ “ საბჭოთა მედიცინაში” გამოაქვეყნა ორი სტატია ბავშვთა ადრეულ ასაკში აპენდიციტის შემთხვევების შესახებ. მასალის ორიგინალურობის, დამაჯერებლობისა და ნოვატორული დასკვნების გამო, შრომა მოხსენიებულ იქნა საკავშირო სამედიცინო ენციკლოპედიის პირველ გამოცემაში.
ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობის პარალელურად, ანტონი ახერხებდა მუშაობას თერაპიულ განყოფილებაშიც. 1926 წლიდან, პროფესორ სვიმონ გოგიტიძის რჩევით, თავი დაანება ქირურგიულ განყოფილებას და მუშაობა გააგრძელა ქალაქის I საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ პედიატრიული კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც 1929 წლამდე დაჰყო.
სწორედ კლინიკაში გატარებულმა წლებმა განაპირობა ის განუზომელი პატივისცემა და მოწიწება, რომელსაც ანტონი გამოხატავდა კლინიკის მიმართ; კლინიკის, რომელსაც ყოველთვის ქართული მეცნიერული პედიატრიის კერად მოიხსენიებდა, ხოლო მის ხელმძღვანელს – პროფესორ სვიმონ გოგიტიძეს – პედიატრიის ქურუმად და სათაყვანებელ მასწავლებლად.
ორდინატორად მუშაობის პერიოდიდან იწყება ანტონის პირველი ნაბიჯები სამეცნიერო მოღვაწეობაში. 1926 წელს ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სხდომაზე მან წარმოადგინა თავისი პირველი ნაშრომი: “კვარცნათურის გამოყენება ბავშვთა ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ”. პრაქტიკული ღირებულებებისა და აქტუალობის გამო შრომამ დადებითი შეფასება მიიღო და გამოქვეყნდა ჟურნალ “ საბჭოთა მედიცინაში”. იმავე ჟურნალში, 1927 წელს, გამოქვეყნდა ანტონის კიდევ ორი სტატია: “ბავშვებში აპენდიციტის ეთიოლოგიის შესახებ და “ბავშვთა აპენდიციტის საკითხისათვის”.
ამ პერიოდში სამეცნიერო მუშაობის პარალელურად იგი აქტიურად ეწეოდა პრაქტიკულ და საორგანიზაციო საქმიანობას. კერძოდ, 1929 წლიდან იწყებს მუშაობას თბილისის ბავშვთა #2 კონსულტაციის გამგედ და ქალაქის განყოფილების დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ინსპექტორად.
1933 წელს ანტონ სიჭინავა არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის ასისტენტად, 1935 წელს – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროს ასისტენტად,. ამავე დროს დაინიშნა ა/კ რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგედ. 1939 წელს, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მიენიჭა დოცენტის წოდება და არჩეულ იქნა სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგედ, ამავდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკური ტუბერკულოზური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა განყოფილებას. 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.
1950 წლიდან, ათი წლის განმავლობაში, ანტონ სიჭინავა განსაკუთრებული სერიოზულობით აწარმოებდა საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მუშაობის ღრმა ანალიზს. ადგილობრივ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა მისი სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, მეთოდური წერილები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით, კერძოდ რჩევები შარდშეუკავებლობასთან, სპაზმოფილიასა და რიგ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გზებისა და საშუალებების შესახებ.
1951 წლიდან პროფესორ ანტონ სიჭინავას ძალისხმევით დაარსდა საქართველოს პედიატრიის კვლევით სამეცნიერო ინსტიტუტი. ასეთი მნიშვნელობის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ კომ.პარტიის წევრს შეეძლო დაეკავენინა. ამიტომ ეს ადგილი, პარტიული ნიშნით, სხვას ერგო, ხოლო ანტონი კი, როგორც უპარტიო, დანიშნეს დირექტორის მოადგილედ. იმავე 1951 წელს იგი დაინიშნა რესპუბლიკის მთავარ პედიატრად.
პროფესორი ანტონ სიჭინავა განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა კოლეგებსა და ავადმყოფებს შორის. მის მიერ აღზრდილი კვალიფიციური პედიატრები დღემდე მადლიერების გრძნობით იხსენებენ ამ მრავალმხრივ ერუდირებულ პედაგოგს, ექსპერიმენტატორს, საქართველოს დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ერთ-ერთ პირველ ორგანიზატორთაგანს.
ანტონ სიჭინავა იყო პედიატრთა ოთხი საკავშირო ყრილობის დელეგატი და აქტიური წევრი, ჟურნალ “Педпатриа” –ს სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. იყო რა საკავშირო პედიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობდა პედიატრთა შვიდი მოწვევის საკავშირო ყრილობის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში.
ბატონი ანტონი იყო 1958 წელს ჩატარებული საქართველოს პედიატრთა პირველი ყრილობის ორგანიზატორი და თავმჯდომარე. თავის მოხსენებაში მან წამოაყენა წარმმართველი თეზისები საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ ამოცანებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოხსენება, შემდგომ, საფუძვლად დაედო ყრილობის რეზოლუციის პროექტს. ამავე ყრილობაზე მან წარმოადგინა შრომა სათაურით: “შინაგან ორგანოთა კანდიდოზური დაავადების ექსპერიმენტალური მოდელის საკითხისათვის”.
ექსპერიმენტულ შრომათა რიცხვს მიეკუთვნება იმავე წელს გამოქვეყნებული მისი მეორე შრომა: “ზოგიერთი ღრმა ცვლილებები ცხოველებში ექსპერიმენტული ტოქსიკოზების დროს”.
ანტონ სიჭინავას ავტორობით გამოქვეყნდა ორი მონოგრაფია (“სისხლის ზოგიერთი ცვლილებები ექსპერიმენტული ალიმენტური ინტოქსიკაციის დროს” და “ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობა მუცლის ტიფის დროს ბავშვებში”), მეთოდური წერილები და მეცნიერული შრომები: “დიზენტერია ბავშვთა ასაკში”, “წყლულოვანი დაავადებები ბავშვებში”, “ტუბერკულოზური მენინგიტის მკურნალობის საკითხისთვის”, “ნახშირწყლოვანი ცვლის თავისებურებანი ფილტვის ტუბერკულოზის დროს ბავშვებში” და სხვა მრავალი აქტუალური სამეცნიერო ნაშრომი ბავშვთა ასაკის პათოლოგიასთან დაკავშირებით.
პროფესორ ანტონ სიჭინავას ხელმძღვანელობით შესრულებულია ერთი სადოქტორო და ოთხი საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 45-მდე სამეცნიერო შრომა. 1957 წელს მას მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება, დაჯილდოვდა მედლით “შრომისა და მამაცობისთვის”, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში ხანგრძლივი თავდადებული მუშაობისათვის “ჯანდაცვის წარჩინებული მუშაკის” მედალით, ამ დარგში გაწეული სამსახურისა და დამსახურებისთვის გამოეცხადა საკავშირო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებისა და ა/კ რკინიგზის სამმართველოს მადლობა.
1961 წელს ანტონ სიჭინავას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1963 წლის 13 მარტს, 64 წლის ასაკში, ანტონ ილარიონის ძე სიჭინავა გარდაიცვალა.

From → Uncategorized

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი